გრიპის ვირუსის შემთხვევების გამოვლენას მარტის ბოლომდე ელოდებიან

03/03/2016

გრიპის ვირუსის შემთხვევების გამოვლენას სპეციალისტები მარტის ბოლომდე ელოდებიან. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვირუსის პიკი გადავლილია, თუმცა, დაავადების შემთხვევების გამოვლენა მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

“გრიპის ვირუსის პიკი გადავიარეთ. თვის ბოლომდე ცოტა შემთხვევა იქნება, თუმცა ეს, არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს. რადგან ცოტა შემთხვევიდანაც შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს. მთავარია, მდომარეობა მძიმე არ იყოს. გრიპი ათი ათასობით ადამიანმა გადაიტანა. სანამ მარტის თვე არ დასრულდება, გრიპი იქნება. შემთხვევები გაცილებით ცოტა იქნება, ვიდრე აქამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 29 თებერვლის მდგომარეობით, სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის ვირუსის 450 შემთხვევა. მათ შორის, 432 H1N1 და 18 H3N2 შემთხვევა. ლეტალურად დასრულდა 22 შემთხვევა. აქედან 21-ის გამომწვევი მიზეზი H1N1, 1-ის კი, H3N2 იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0