გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო

21/03/2019

გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო. ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც საკარმიდამო ტერიოტორიები, თხილის ფართობები და მიტოვებული შენობების სხვენები დაათვალიერეს.
დათვალიერების შედეგად ფიტოსანიტრები შეისწავლიან მავნებლის რაოდენობას. აპრილიდან კი დამონტაჟდება სპეციალური ფერომონები, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის გავრცელების არეალი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია და საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. რწმუნებული და ცენტრის ხელმძღვანელი ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც მოსახლეობასთან საუბრისას ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება, რასაც ხელს შეუწყობს მონიტორინგი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან დაიწყო.
ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები, ღონისძიებების პარალელურად სისტემატურ რეჟიმში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0