გურიაში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა

16/01/2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციიამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
შეხვედრა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო სექტორისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა – ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო.
მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის მიზნით შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0