გურიაში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 66 სოფელი, 36190 აბონენტი

16/11/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ სამუშაოებს ეცნობა – ამჯერად ის გურიაში იმყოფებოდა. ნათია თურნავა, გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანთან, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორ აზერ მამმადოვთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებს ესტუმრა. მათ ერთად დაათვალიერეს გურიის რეგიონში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები და სოფელ დაბლაციხეში გაზის გაშვების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციული ცერემონია ასევე გაიმართა სოფლებში – ჯაპანასა და წვერმაღალაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები ჯაპანა და ლესა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წვერმაღალა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი დაბლაციხე – ამ სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და მოისმინეს ადგილობრივების მოსაზრება გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით.
საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამას სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით, კომპანია „სოკარ“-თან ერთად ახორციელებს.
გურიაში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 3 მუნიციპალიტეტი, 66 სოფელი, 36190 აბონენტი. კერძოდ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ჩოლობარგსა და ნიგოეთში გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აიგო 59,905 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 1145 აბონენტს მისცემს საშუალებას, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში. ასევე დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალაში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აიგო 7902 გრძივი მეტრი გაზსადენი – 150 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის ქსელში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებიც დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აიგო 26,493 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 377 აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში.
ამჟამად გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ზემო და ქვემო ჩიბათში, ლესასა და აკეთში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1287 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 83,667 გრძივი მეტრი გაზსადენი.
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: ბჟოლიეთი, წიფნაგვარა, ხევი, ბუქსიეთი, ამაღლება და სამება. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 842 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 70,081 გრძივი მეტრი გაზსადენი.
2019-2021წწ. სამწლიანი გეგმის მიხედვით გურიის რეგიონის 8 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ 2864 კომლს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0