გურიის გუბერნატორი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა

22/06/2017

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა, შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებს და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

როგორც მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ განმარტა, 10 ივნისს, ძლიერი წვიმის დროს, მუზეუმის შენობაში წყალი ჩამოვიდა, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ შექმნილა. დაზიანდა ის ყუთები, რომელშიც ხელნაწერები გახლდათ შენახული. დღეისთვის თითოეული ექსპონატი ყველა საჭირო წესის მიხედვით არის შეფუთული, დაცული და განადგურების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.

გია სალუქვაძე: „ბოლო პერიოდში ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმთან დაკავშირებით სამწუხაროდ ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ საბედნიეროდ ხელნაწერები განადგურებული არ არის. ექსპონატები გადარჩა და არ დაზიანებულა. პირადად დავათვალიერე მუზეუმი და მზადდება სპეციალური საცავი, სადაც ექსპონატები განთავსდება. აღნიშნულ შემთხვევაზე კი სამშენებლო კომპანიამ „კომფორტი-26“ სრული პასუხისმგებლობა აიღო და მუზეუმში ფონდების ახალი საცავის შექმნას თავად უზრუნველყოფს.
დღეს ჩვენ ასევე მოვინახულეთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია უტარდება. აქ მოეწყობა საგამოფენო სივრცე, საკონცერტო დარბაზი და ადმინისტრაციული ოთახები. პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0