ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ელისო ბოლქვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მიიღო. საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ზუგდიდში კონცერტი, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ღონისძიება დევიზით „მუსიკა აერთიანებს“ აფხაზეთის თემასა და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას მიეძღვნა. ზუგდიდელი მსმენელისთვის ელისო ბოლქვაძემ ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა.