დავით ზალკალიანი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

16/04/2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფიაში ბულგარელ კოლეგას ეკატერინა ზახარიევას შეხვდა.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, ასევ ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე რეგიონის განვითარების კონტექსტში. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს თავდაცვის სფეროში, ასევე ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ბულგარეთის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს წარმატებას და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნების მიმართ. აღინიშნა საქართველოს ლიდერი პოზიციები “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში და ამ მხრივ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობა, მათ შორის ფორმატში ჩართული ქვეყნების მისწრაფებების და მიღწევების გათვალისწინებით. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერისთვის.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. დავით ზალკალიანი ბულგარელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0