ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ნორვეგია) წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე. დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეუთო, მისი მანდატის გათვალისწინებით წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას კონფლიქტის განსახილველად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ორგანიზაციის ფარგლებში, კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.