დავით ზალკალიანმა ეუთო-ს 2017 წლის აზიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

20/06/2017

​19-20 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, გერმანული მხარის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს 2017 წლის აზიურ კონფერენციაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ ქ. ბერლინში უმასპინძლა.

აღნიშნული კონფერენცია ეუთო-ს ტრადიციულ ფორმატს წარმოადგენს, რომელზეც ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნები აზიის რეგიონიდან პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.

კონფერენციის მესამე სესიის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნებზე, მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და ეუთო-ს შესაძლო როლზე აღნიშნულ პროცესში. მინისტრის პირველი მოადგილის მიერ დაფიქსირდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია მოახდინა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე, რომელიც ითვალისწინებს ეფექტური, პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას და რომლის ფარგლებშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული მიზნის იმპლემენტაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და აქტივობების შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, ადელა რაცთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონალურ კონტექსტში და ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0