დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის ღონისძიებები

26/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე უკვე მიმდინარეობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა უწყებების მიერ ორგანიზებული საგამოფენო სტენდები დაათვალიერა.

დილიდან მზადება იყო თავისუფლების მოედანზეც, სადაც დღეს ახალწვეულები ფიცს დადებენ.

პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყობა კახეთში – იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხესიმაგრეში, სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში.

„ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის ისტორიაში, როდესაც თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს პირველი ნატოს ქართული ასეული. აქ იდგებიან ჩვენი ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორი სამხედროები. ისინი შარშანაც იყვნენ, მაგრამ, წელს გაცილებით მეტნი არიან და მოდიან ისტორიული სწავლებიდან. ასევე იქნება პოლონელების ასეული, რომელიც დღეს ჩამოფრინდა საქართველოში, რადგან სურდათ, ჩვენთან ერთად მიელოცათ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს დღე. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარნი არიან ჩვენი ახალწვეულები, ანუ ახალგაზრდები, რომლებიც მოვიდნენ ჯარში საკუთარი ინიციატივით, წარმატებით გაიარეს სამთვიანი მძიმე მოსამზადებელი პროგრამა და ფიცს დადებენ დღეს მოსახლეობის წინაშე, რომ ერთგულად ემსახურებიან თავის ქვეყანას. ის, რომ ქართულ ჯარში არ წყდება სამხედრო მოსამსახურის ფორმის ჩამცმელთა მსურველის რიცხვი, არის საუკეთესო ამბავი საქართველოსთვის, ეს არის დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ ბრძოლიდან ჩვენ აუცილებლად წარმატებულები გამოვალთ“,-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა – „აბრამსი“ და „ბრედლი“. ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები.
ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობენ – დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრები.
თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო დროშებით გადაიფრენს 4 ვერტმფრენი. ბავშვების გუნდი შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს, ხოლო, ფიცის დადების შემდეგ ანსამბლი „სუხიშვილები“ „ხორუმს“ იცეკვებს.

14:00 სთ-დან თავისუფლების მოედანზე დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, ლატვიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრები გამართავენ კონცერტს, ხოლო, შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფის კომპანია “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა” სტუმრებს საველე სამზარეულოში მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდება. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ნახოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0