დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

20/11/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის პროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელა. როგორც კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არსებობასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრას. კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასევე ჩაერთვება სამორინეს ორგანიზატორი, რითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ სისტემაში სხვა არსებულ ინფორმაციებთან ერთად, დაგენერირდეს და გაკონტროლდეს სამორინეებთან დაკავშირებით სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: განთავსებული ფსონების ჯამური თანხა, მოთამაშეებზე გაცემული მოგება ჯამურად. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგის პროცესში შემფასებელთა ჯგუფის მიერ გამოგზავნილი კითხვარის ტექნიკური შესაბამისობის კუთხით შეფასებული რეკომენდაციის სრულფასოვანი შესრულებით. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის შემდეგ კანონებში: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0