დარწმუნებული ვართ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის

31/08/2017

„დარწმუნებული ვართ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბუდაპეშტში „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ზოგადად ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ურყევი მხარდაჭერისთვის. 2017 წლის 31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში გამართული პლენარული სესია მთლიანად დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ქვეყანა განაგრძობს საქართველო-ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ საქართველოს ბევრი რამ მისცა, აღნიშნული შედეგები კი ქვეყნისთვის ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს ხსნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0