დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება

27/09/2017

„დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი-საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, 26 სექტემბერს, პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. „ახალი კონსტიტუციის მიზანი არის ზუსტად ის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, გაძლიერდეს ჩვენი დემოკრატია და ეს არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის აქეთ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0