დევნილის სტატუსს არავინ ეხება

„დევნილის სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, თითოეული თეთრი, რომელიც ამ რეფორმის საშუალებით დაიზოგება ისევ და ისევ სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მშენებლობების ტემპების დაჩქარებას მოხმარდება.
„დიდი ხანია ვაპირებთ დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმას, ეს არ არის ახალი ამბავი, ამის შესახებ ნათლად და მკაფიოდ წერია 2015-2016 წლების დევნილთა სახელმწიფო დახმარების სტრატეგიაში, რომელიც მიღებულია მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 4 თებერვალს და სწორედ ამის განხორციელების მორიგ ეტაპზე გადავდივართ, ეს რეფორმა დიდი ხანია დაწყებულია.
მე არ მომისმენია და შეიძლება უკვე თქვეს კიდევაც, რომ თითქოს დევნილის სტატუსს ვაუქმებთ, თუ არ უთქვამთ უკვე დაიწყებენ ამის შესახებ ყვირილს. პირდაპირ მინდა წინასწარ ვთქვა, რომ ეს არის ტყუილი, დევნილის სტატუსს არავინ არ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ რეფორმის პირველი ეტაპი გატარდა 2013 წელს, ეს იყო ერთგვარი დასაწყისი და მაშინ ფინანსთა სამინისტრომ აღმოაჩინა დევნილი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა. ამ დევნილი ოჯახების ყველა წევრი იღებდა 45 ლარს. მე მგონი გასაგებია, რომე ეს არის არასწორი, ეს არის სახელმწიფო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ დევნილებს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. მაშინ რეფორმა გატარდა, ოღონდ ეს იყო მხოლოდ ნაწილობრივი რეფორმა, კერძოდ, 45 ლარიანი დახმარება იმ ადამიანებს მოეხნათ, ვისი თვიური შემოსავალიც აღემატება 1250 ლარს. 3 მილიონი ლარის შემოსავლის მქონე ბიზნესმენს ეს დახმარება მოეხსნა, თუმცა მისი ოჯახის ყველა წევრს დარჩა კანონით უფლება, რომ მიიღოს ეს დახმარება, რაც დამეთანხმებით, არ არის ნორმალური და ეს არის სახელმწიფო სახსრების არასწორი ფლანგვა.
ახლა რას გულისხმობს ეს რეფორმა, პირველ რიგში თითოეული თეთრი, რომელიც ამ რეფორმით დაიზოგება მოხმარდება ისევ და ისევ დევნილებს, მოხმარდება სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ სოციალურ დახმარებებს, მოხმარდება ამ დევნილებისთვის შემოსავლის წყაროების ზრდასა და გაჩენას, ამაში იგულისხმება დასაქმების პროგრამები და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია მოხმარდება მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რომ დავაჩქაროთ მშენებლობების ტემპები. გაძლევთ პირობას, ეს რეფორმა ამ მხრივ მოგვცემს ძალიან სერიოზულ წინსვლას და უფრო ნაკლები გაჭირვებული დევნილი გვეყოლება.
რაც ყველაზე საოცარია ჩემთვის ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და ამ მოძრაობის სხვადასხვა ანასხლეტების ყვირილი ამ თემაზე. განსაკუთრებით გაოცებული ვარ, როდესაც ბრიფინგს ამ თემაზე მაშინდელი მინისტრის კობა სუბელიანის მოადგილე წერედიანი ატარებს. წერედიანი იყო მინისტრის მოადგილე 2008 წლის 4 დეკემბერს, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ, ამ სამინისტროს წარდგინებით, მიიღო დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყველა დევნილს, რომელმაც მიიღო სახლი, რომელმაც მიიღო ბინა, რომელმაც მიიღო კომპენსაცია ან მიიღებს ბინას ან კომპენსაციას უწყდება ეკონომიკური დახმარება სახელმწიფოსგან. როგორ იღებდნენ მაშინ ბინებსა და კომპენსაციებს და როგორ ხდებოდა დაკანონება, როგორ ხდებოდა დევნილების გამოყრა და გადასახლება ფოცხოეწერში, ბაკურციხეში თუ სხვაგან, ეს თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. დღეს, ვინც იღებს ბინას, ან იპოთეკურ სესხის დაფარვის პროექტში მონაწილეობს ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი პროცესი, მაშინდელისგან განსხვავებით.
ასევე იგეგმება გარკვეული ნოვაციების შემოტანა ბინებით დაკმაყოფილების პროცესში. ჩვენ ვმუშაობთ ამ ნოვაციებზე. გეტყვით ერთ-ერთ ნოვაციას, რომელიც უკვე განვახორციელეთ, ეს არის იპოთეკური სესხების დაფარვაში დახმარება. ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს რომ თუ დევნილ ოჯახს არ აქვს სახლის მშენებლობა დამთავრებულა ან აქვს მიწა სადაც საცხოვრებლის აშენებას აპირებს შეიძლება გამოვუყოთ გარკვეული თანხა. ამ რეფორმის გატარებასთან ერთად მსგავსი ნოვაციების გატარება იქნება შესაძლებელი.
მინდა ვთქვა, რომ ამ რეფორმის გატარებას დაჟინებით ითხოვენ სახელმწიფოსგან, 2003 წლიდან მოყოლებული, ყველა ის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ. პირიქით, ბრალს გვდებდნენ, რომ მთავრობას არ გვაქვს პოლიტიკური ნება. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება. ამას სჭირდებოდა მომზადება და ჩვენ ახლა მზად ვართ ამისთვის. ამ საკითხზე 2016 წლის ნოემბრიდან ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ანუ იმათთან ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ რეფორმის მომზადებასა და ლობირებაში თავის დროზე. გარდა ამისა, მე მქონდა შეხვედრა ექსპერტებთან და მათაც წარვუდგინე ეს იდეები. ამ დღეებშიც ვაპირებ ეს შეხვედრები გავაგრძელო. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის გადაგზავნილი მთავრობასა და პარლამენტში. თუმცა, მე ჩემი იდეების შესახებ მქონდა მთავრობასთან ლაპარაკი, გუშინ მქონდა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერთან და პრაქტიკულად მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ ეს რეფორმა უნდა გატარდეს. რა მოდელით გატარდება ეს რეფორმა ამაზე ჯერ არ არსებობს კონსენსუსი, იმიტომ რომ მიდის მუშაობა. მუშაობის პროცესში განხილული იყო აბსოლუტურად მიუღებელი მოდელებიც, მოდელები რომლებიც მისაღებია, მაგრამ ისეთ ეფექტს ვერ მოგვცემს, როდესაც მიდის მუშაობა მაგიდაზე უნდა დაიდოს ყველა წინადადება. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ვუახლოვდებით საჭირო მოდელს და როგორც კი დონორებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ მოდელზე ჩამოვყალიბდებით, მერე გავაცნობთ ამას მთავრობასაც, პარლამენტსაც უშუალოდ დევნილ საზოგადოებას, ლეგიტიმურ სტრუქტურებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და იმ ხუთი მუნიციპალიტეტს, როგორიც არის კოდორის, თიღვის, ერედვის და ასე შემდეგ. მათთან ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ამ თემაზე მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე ინტენსიურად და ნაკლები ინტენსივობით მანამდე მიდიოდა მუშაობა იმ არასამთავრობოებთან და დონორებთან, რომლებიც იყვნენ ინიციატორები მსგავსი რეფორმების.
ეს პროცესი არ ხდებოდა ზურგს უკან, 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მე ამის შესახებ ვილაპარაკე „მაესტროსა“ და „პალიტრა ტვ“-ის ეთერში, დეტალები არ დამიკონკრეტებია, თუმცა იმას, რომ ამ რეფორმას ვატარებთ ვამბობ ყველგან და ყოველთვის და ამას გავაკეთებთ აუცილებლად, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ დევნილებს.
სანამ მოდელზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თანხებზე ლაპარაკი შეუძლებელია. მე შემიძლია გითხრათ ამ სამინიტროს ბიუჯეტი არის 85 მილიონი ლარი, აქედან 70 მილიონი ლარი ხმარდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რომ სანამ დაბრუნდებიან, ყველა დევნილს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები. მაშინ როცა დევნილთა სოციალურ დახმარებებზე მთლიანობაში იხარჯება 150-160 მილიონი და ამ თანხის დიდი ნაწილი არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ადამიანებს ვურიგებთ 45 ლარს, მიუხედავად იმისა, მის ოჯახს სჭირდება ეს თუ არ სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ იმათ ვისაც ეს სჭირდება და ეს არანაირად არ ეხება სტატუსს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რომელიც ვამბობთ, რომ დევნილს უნდა ჰქონდეს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები საკუთრებაში, როგორიც აქვთ ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Visited 116 times, 1 visit(s) today