დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა

13/05/2019

2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა, 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები. ამ თემასთან დაკავშირებით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა გამოფენა, ისტორიკოსების ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება. დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები. დარიგდა დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი „ერობა“.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.
ღონისძიებას დაესწრნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ)დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორი საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები პირველი რესპუბლიკის პერიოდში სამ ეტაპად 1918, 1919 და 1920 წლებში ჩატარდა. იმ პერიოდში თვითმმართველობების წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, სკოლებისა და ამბულატორიების ქსელების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 100 წლის წინ დაიწყო ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილზევე, მოქალაქეების მიერ გადაწყვეტის პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0