დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

24/03/2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით იმსჯელეს კანონპროექტებზე: „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თავის დროზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0