დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს შეხვდა

08/09/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს ბილ თომპსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ის პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელსაც OECD საქართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0