დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Moody’s-ის წარმომადგენლებს შეხვდა

16/10/2017

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Moody’s-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ბოლო სუვერენული რეიტინგის გამო, რომელშიც საქართველოს რეიტინგი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველადაა გაზრდილი.
საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას.
დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით. ასევე 29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი – ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საგადასახადო და ფისკალურ რეფორმების წყალობით ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით, დარჩა მნიშვნელოვანი თავისუფალი სახსრები ბიზნესში რეინვესტირებისთვის.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0