დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა

24/10/2017

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიული კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებობს ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში და სხვა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური თანამშრომლობას ქვეყნებს შორის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განვითარებაზეც საქართველო და ყაზახეთი დიდად არიან დაინტერესებული. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკიტჟან საგინტაევს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველოს შეეძლება გაატაროს ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი. სატრანზიტო დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოა, შეძლებს უმოკლეს ვადაში გაატაროს ტვირთი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0