დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საწარმო ტისუპეიპერი ოფიციალურად გახსნა

17/11/2016

პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ტისუპეიპერი“ ოფიციალურად გახსნა, რომლის შემდეგაც გაეცნო სამუშაო პროცესს და დაათვალიერა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას. „ტისუპეიპერი“ ბაზარზე ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს. საწარმოს გახსნას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, ეკონომიკური საბჭოს აპარატის მრჩეველი ამირან გვაზავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარევის ბანკის წარმომადგენელი სევერიან ღვინეფაძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი საწარმო გარემოს მიმართ მეგობრულია და მაკულატურის მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს „ტისუპეიპერის“ პროდუქცია ჰიგიენური ქაღალდით ადგილობრივი მოხმარების 30 პროცენტს აკმაყოფილებს, თუმცა ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა დაგეგმილი. „სწორედ ესაა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი ამოცანა – ჩვენს ქვეყანაში წარმოებები განვითარდეს, მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საწარმოში ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული. მისი სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. კომპანიის სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს. შპს „ტისუპეიპერი“, რომლის პროდუქციაც ადგილობრივად დამზადდება, ბრენდების: „ეკო“, „ასფურცელა“ და „ეკოფეიფერი“ სახელწოდებით მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შესთავაზებს. ამასთანავე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში დამზადებული პროდუქციით, შპს „ტისუპეიპერი“ წარმატებით გაუწევს კონკურენციას იმპორტიორ კომპანიებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0