დიმიტრი ქუმსიშვილმა ჯინ ლიქუინთან გამართა შეხვედრა

14/10/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან ჯინ ლიქუინთან (Jin Liquin) და საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს „AIIB-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე, სივრცით რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მასშტაბური სატრანზიტო და ტურისტული საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. აღმოსავლეთ-დასავლთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებს. სწორედ აღნიშნული გეგმის თანახმად, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებით. აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოში უკვე მონაწილეობს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში. თუმცა ინტერესი მას სხვა პროექტების მიმართაც აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0