დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის EU4Justice: „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარე „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტზე ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“, მიზანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პროგრამის უმთავრესი მიმართულება იქნება ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა, რომელიც მიიღწევა სამი პროექტის წარმატებით განხორციელებით. მათ შორის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტით, რომლის მიზანია თანამედროვე და ეფექტური პენიტენციური და პრობაციის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოახდენს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და უზრუნველყოფს ბალანსს საზოგადოებრივი წესრიგის და ადამიანის უფლებების დაცვას შორის. მოწვეული ექსპერტის, იოჰან სენდმენის თქმით, „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტი წარმატებით ხორციელდება. როგორც ექსპერტი აცხადებს, სამინისტროს ხელმძღვანელობას კარგად ესმის პროექტის მნიშვნელობა და მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს მრჩევლის, ენტონი სტრეველერის განცხადებით, INL-სა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და INL რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობენ. მათ შორის, ციხეების მმართველობის გაუმჯობესებასა და ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან მაქსიმალურ დაახლოებაზე. ასევე, შევიმუშავეთ რისკების შემცირების პროგრამა, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მსჯავრდებულის ინტეგრაციას საზოგადოებაში. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ მსჯავრდებულთა დასაქმებას. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა რისკების შეფასების სისტემა. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ სიახლეების დანერგვას პრობაციის სისტემაში,“- განაცხადა ენტონი სტრეველერმა. დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას გულისხმობს, რომლის მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. დონორები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებენ.

Visited 108 times, 1 visit(s) today