„დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით. ჩვენ უკვე მეორე წელია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და გენერალური დებატების პარალელურად ვმართავთ მაღალი დონის სესიებს, რომელიც ეხება ღია მმართველობას. წელს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ იმით, რომ გავხდით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა“ – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ქვეყნის ღია მმართველობის და ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის ძალიან დიდი აღიარება.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ფორუმის მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საქართველოში და ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში. მინისტრის თქმით დაიგეგმება მომავალი ხედვები, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე.