ევროპის საბჭოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით კიბერდანაშაულის საკითხებზე სემინარები დაიწყო

24/04/2017

ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამების ოფისის პროექტებისა (Cybercrime@EAP III და iPROCEEDS) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება დაიწყო. ღონისძიება აღმოსავლეთის პარტნიორობისა და დასავლეთი ბალკანების რეგიონების 12 ქვეყნის (მათ შორის, თურქეთის) პროკურატურის, საგამოძიებო დანაყოფების, ფინანსური გამოძიებისა და მონიტორინგის სამსახურების, აგრეთვე, კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის იმართება. პროგრამას საფრანგეთის, ირლანდიის, რუმინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე რეაგირების ჯგუფის (cert.gov.ge) ექსპერტთა გუნდები უძღვებიან. გახსნით ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი დაესწრნენ.
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის. თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერული დანაშაული მზარდია, მის გამოსავლენად აუცილებელი ელექტრონული მტკიცებულების მიღება და შენახვა კი უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის გამოძიებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კერძო კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს და ქვეყნის შიგნით არ მოიპოვება. ევროპის საბჭოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ორგანიზებული სწავლება სპეციალისტებს ამ სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
ხუთდღიან სემინარზე სწავლების მონაწილეები სიმულაციურ სიტუაციებს განიხილავენ და კონკრეტულ დავალებებზე იმუშავებენ. ტრენინგის სცენარი ითვალისწინებს რეაგირებას არაერთ საინტერესო ინციდენტზე, რომელთა შორისაა: კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების ამოცნობა, ციფრული ექსპერტიზის უნარ-ჩვევების გამოყენება სავარაუდო დამნაშავეების გამოსავლენად და მტკიცებულების მოსაპოვებლად, საეჭვო ფინანსური ტრანზაქციებისა და ფულის გათეთრების აღმოჩენა და აღმოფხვრა, საერთაშორისო დახმარების არხებით მონაცემთა მიღება და სხვა. სემინარის მონაწილეები შეისწავლიან პროფესიულ წრეებს შორის ინფორმაციის გაცვლის საჭიროების დასაბუთებას, კიბერდანაშაულის შემთხვევაში საპასუხო მოქმედებათა კოორდინაციასა და საკონტაქტო პირების დადგენას, კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობის პრინციპებს ისეთი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, როგორიცაა ევროპის საბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ.
კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება ევროპის საბჭოს ახალი ინიციატივაა, რომელიც კიბერდანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების სფეროში სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალთა დახმარებას ითვალისწინებს. თბილისის სწავლების წარმატების შემთხვევაში, ევროპის საბჭო მსგავს სემინარებს სხვა რეგიონებშიც განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0