ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლიტვა-საქართველოს კომისიის მორიგი შეხვედრა თბილისში გაიმართება

ლიტვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ლიტველ კოლეგასთან ლინას ლინკევიჩიუსთან.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს „ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ქარტიის“ ფარგლებში რეგულარული კონსულტაციების არსებული პრაქტიკა და გამოთქვეს მზადყოფნა კომისიის მორიგი შეხვედრა 2017 წელს საქართველოში გაიმართოს.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გაცვალეს ინფორმაცია გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვაში 12-13 იანარს სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მონაწილეობს ზამთრის ყოველწლიურ კონფერენციაში „Snow Meeting 2017”.

Visited 124 times, 1 visit(s) today