ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას

20/12/2017

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას, ვინაიდან აღნიშნული ფუნქციები დაეკისრება არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არამედ უწყებას, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, რესურსი, შესაძლებლობა და ასევე ვიცე-პრემიერის სტატუსით ხელმძღვანელობს მინისტრი “- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობდნენ, მათ შორის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი და 2017-20 წლებისთვის ასოცირების ახალი დღის წესრიგი მოლაპარაკებული და შეთანხმებული იყო სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, „ახალი დღის წესრიგი არის ბევრად უფრო ამბიციური, ვიდრე წინა და მის განხორციელებას ესაჭიროება მაქსიმალურად მაღალი დონის კოორდინაცია“ – აღნიშნა ჯანელიძემ.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეები მას საკუთარ თავზე გრძნობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო გასული წელი. ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა დრო და ენერგია არ დაიშურა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო წარმოგვეჩინა, როგორც რეგიონული ლიდერი, რომელიც სტაბილურად და მდგრადად ვითარდება, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია და სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი გაცნობიერებულად აქვს გაკეთებული“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ღრმა და ინტენსიური, როგორც დღეს. „ჩვენ მაქსიმალურად ავითვისეთ ის შესაძლებლობები, რასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გვთავაზობს და შემოთავაზებული დახმარებები კონკრეტულ სარგებლად ვაქციეთ ჩვენი მოქალაქეებისათვის. ჩვენი მიზნები არის ძალიან კონკრეტული და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თანმიმდევრულია და მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას“ – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით ევროინტეგრაციის პროცესი წარიმართება ევროინტეგრაციის კომისიის ზედამხედველობით, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. „ეს მოხდება კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის მეშვეობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვიცე-პრემიერის პირდაპირი ზედამხედველობით ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის – მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0