ეკატერინე ტიკარაძემ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან შეხვედრა გამართა

10/08/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროკურატურის მიერ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების საკითხზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო სფეროში არსებულ ხარვეზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს.

„უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო. ყველანი მივილტვით იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს ხარისხიან სერვისს. შეხვედრაზე ცალსახად გამოიკვეთა, თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს არაერთი ქმედება, რათა სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს, რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი.

„მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. მსგავსი შემთხვევები უნდა დარეგულირდეს რეგულირებისს სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრაზე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს, ჯანდაცვის მინისტრმა,

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0