ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა უწყვეტი სამედიცინო განათლება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს BMJ-ის საგანმანათლებლო პლატფორმის სამომავლო გეგმები. DTRA-ს პროგრამების პორტფოლიო მენეჯერის დენის მუშულინის განცხადებით, სააგენტო აქტიურად აგრძელებს სამინისტროსთან თანამშრომლობას და 3 წლიანი პროექტის ფარგლებში ქართველი ექიმებისთვის, უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველსაყოფად კვლავ დააფინანსებს 15 000-მდე პროგრამას, BMJ-ის საგანმანათლებლო პორტალზე.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა და მადლობა გადაუხადა უკვე განხორციელებეული პროექტებისთვის. მინისტრის განცხადებით სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ სამედიცინო განათლება და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფაა.
ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში.
პროექტი სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან (BMJ) თანამშრომლობის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის დაიწყო, ამჟამად კი დაგეგმილია პროექტის კიდევ უფრო გაფართოება გადაუდებელი დახმხარებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

Visited 100 times, 1 visit(s) today