ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შეხვდა.
მხარეებმა ლტოლვილებისთვის საინტეგრაციო მხარდაჭერაზე და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები და დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მხარეებმა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებითაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო სხვადასხვა ფორმატში მუშაობს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და UNHCR-თან ერთად სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფორმატში.საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა დევნილთა საკითხების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ. დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.