ენგურის ხიდზე პატიმრებს ცვლიან

ამ წუთებში ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლის პროცესი მიმდინარებს. როგორც ადგილიდან prof-news-ის კორესპოდენტი იტყობინება, ოკუპირებული აფხაზეთის ციხეში მყოფი 9 ქართველი გაათავისუფლეს. მათ დრანდაში მდებარე საპყრობილე ცოტა ხნის წინ დატოვეს. 8 მამაკაცი და ერთი ქალი ამ წუთებში ენგურის ხიდის სიახლოვეს, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
prof-news-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის არის ყოფილი პარტიზანი ელდარ ცაგურია, რომელიც ოკუპანტებმა 5 წლის წინ დააკავეს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებს საქართველოს ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების დროს დაკავებულ რუს პირზე ცვლიან, რომელიც ტერორიზმის მუხლით არის გასამართლებული.

ამასთან, როგორც prof-news-ის კორესპოდენტი ენგურის ხიდიდან იტყობინება, რამდენიმე წუთის წინ გამშვები პუნქტი ჩაკეტეს და მოსახლეობას არ უშვებენ.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქართული მხარე ტყვეების სანაცვლოდ 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების საქმეში მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას („კოჭოიას“) გათავისუფლებას დასთანხმდა.

თუმცა ეს ინფორმაცია prof-news-ის კორესპოდენტს ადგილზე არ დაუდასტურეს. ჩვენი წყარო კი გვიყვება, რომ „კოჭოია“ გზიდან მოაბრუნეს დაახლოებით 13:30 საათზე, მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მედიის წარმომადგენელმა შეიტყვეს.

ადგილზე ამ წუთებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც იმყოფება.

Visited 200 times, 1 visit(s) today