ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე

15/03/2017

ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილე ირმა ქავთარაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრისა და მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული გეგმა მომზადებულია ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ საქართველოს სამთავრობო უწყებების მონაწილეობით. შეხვედრის ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ აიღო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით დადგენილი მოთხოვნების ნაწილში. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, ეფუძნება ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორის ენერგოდამზოგავი სტანდარტებით მოწყობას. გეგმა ასევე გულისხმობს ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმის და არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმოხილვას. მომავალში მათ საფუძველზე გაიწერება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის კონკრეტული ღონისძიებები. „ელექტროენერგიის მომხმარებელ 4 ძირითადი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენ ვთხოვეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რათა ყველა ამ კომპანიამ და ბიზნესმენმა იცოდნენ, რა ქმედებები იქნება განსახორციელებელი ამ მიმართულებით სამომავლოდ. შეხვედრის მიზანია ერთად დავგეგმოთ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ნაწილები, ისე რომ პროცესი უმტკივნეულო იყოს ბიზნესისთვის და მთავრობამაც შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება“ -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0