ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი იუკია ამანო ესტუმრა და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
„სიმენსის“ ფირმის ახალი მამოგრაფი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გადასცა. ტექნიკის გადაცემასთან ერთად, სააგენტომ „სიმენსის“ სპეციალისტების დახმარებით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგებისა და მამოგრაფერების გადამზადება უზრუნველყო.
დიაგნოსტიკურ ცენტრში იუკია ამანოსთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდნენ.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა – სკრინინგ ცენტრს თანამედროვე ციფრული მამოგრაფის აპარატი გადმოეცა, რომელიც რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფ პაციენტებს სრულიად უფასოდ მოემსახურება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, მეტი შესაძლებლობა გვექნება იმისთვის, რომ ტექნიკა განვაახლოთ, რომელიც მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება. ატომური ენერგიის საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, სკრინინგ ცენტრის იმ თანამშრომლების გადამზადება მოხდება, რომლებიც ადრეულ დიაგნოსტიკაზე მუშაობენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება.