ესტონეთის ელჩთან შეხვედრაზე, ესტონეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე იმსჯელეს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს.

შეხვედრაზე მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები. საუბარი შეეხო მიმდინარე წლის თებერვალში ესტონეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დეტალებს, რომლის ფარგლებში გაიმართება ასევე ბიზნეს-ფორუმი. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს მრავალ სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი. განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ესტონეთის ელჩის განცხადებით, ესტონეთის ბიზნეს-წრეებში გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან ბიზნეს-კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა ამ პროცესში ეფექტური კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობა, რათა სრულად იქნას წარმოჩენილი ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს. ხაზი გაესვა ეფექტური კომუნიკაციის პროცესში მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობას. ელჩმა მინისტრს გააცნო, ამ მიმართულებით, ესტონეთის საელჩოს მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გაწეული საქმიანობა და შემდგომში აქტიური ჩართულობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.

Visited 103 times, 2 visit(s) today