ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს უფრო ამაღლებული

11/04/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად: „ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში ვიყოთ ძლიერები, რითაც ვართ საერთაშორისოდ აღიარებული, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც გვქონდეს სამხედრო მზადყოფნის ისეთი მაღალი დონე, რომ პოტენციური აგრესიის შემთხვევაში გავცეთ ადეკვატური პასუხი“.
ლევან იზორიამ განხორციელებული რეფორმის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტი ძირითადად მიმართული იყო სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფაზე, რაც არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში დასახული იმ ამოცანების უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. „ყველაზე მტკივნეული საკითხი ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის თემაა, რამაც გარკვეული პერსონალის და კადრების განკარგულებაში გადაყვანა გამოიწვია. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა. ამ პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვმოქმედებდით ჩვენი ეროვნული და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესებიდან, იმ პრინციპული და სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოს მიერ იქნა განსაზღვრული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეორგანიზაციის პროცესზე. მისი თქმით, უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიციერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა: „მთავარი პრინციპია, ყველა სამხედრო სტრუქტურაში იყოს „პირამიდა“ უზრუნველყოფილი, ანუ, რაც შეიძლება ნაკლები უფროს ოფიცერთა საშტატო კატეგორია სათავეში და რაც შეიძლება მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია დაბალ რგოლზე, რათა მათ ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ჩვენმა ოპტიმიზაციამ, ასევე მეორე პრინციპულ ამოცანად დაისახა იმ საშტატო რაოდენობის შემცირება, რომელიც რიგ შემთხვევაში ხელოვნურადაც იყო შექმნილი“.
ლევან იზორიას განცხადებით, არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული: „ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან მუშაობდა დაახლოებით თვრამეტი, ცხრამეტი წელი და მეტი. ზოგი თავისი სურვილით წავიდა, ხოლო ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცენდენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გაიცა 209 ოფიცერზე, რითაც დავაფასეთ მათი სტაჟი, მათი საქმიანობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე“.
თავდაცვის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებაში ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობები უკვე გაუქმებულია: „წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში არსებობდა ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობების მახინჯი სისტემა. იცით, რომ გარკვეულ თანამდებობებზე დასანიშნად საჭიროა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ თანამდებობებზე კი არანაირი საკვალიფიკაციო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული“, – აღნიშნა მან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0