ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა

23/06/2017

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიულმა ბატალიონმა 3-კვირიანი მომზადება საბრძოლო სროლებით დაასრულა. დასკვნით სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. საარტილერიო წვრთნაში რამდენიმე ერთეული 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა BM-21 მონაწილეობდა. საველე გეგმიური სწავლება 5 ივნისს დაიწყო და მასში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და დამკვირვებელ-მაკონტროლებლები მონაწილეობდნენ. გეგმიური საველე წვრთნა სამ ეტაპად განხორციელდა. დასკვნით ფაზაზე 72-საათიანი სწავლება დაიგეგმა, რომელსაც I საარტილერიო ბრიგადის შტაბის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. საარტილერიო საველე წვრთნის მიზანს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის დახვეწა წარმოადგენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0