ვაქცინაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნით, განხორციელდა ამცრელი პუნქტების მოწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 3 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. ანგარიში 2019-2021 წლებში განხორციელებულ იმ ღონისძიებებს მოიცავს, რომელმაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
2019 წლიდან განხორციელდა სამინისტროს სტრუქტურულ-ფუნქციური განახლება. ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სტრუქტურის იმგვარი მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობდა მეტად ეფექტურ საქმიანობას, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციასა და თანამშრომელთა შრომის პირობების გაუმჯობესებას. ასევე განხორციელდა სამინისტროს მოქალაქეთა მისაღები სივრცის სრული განახლება, ტექნოლოგიური აღჭურვა და თანამშრომელთა გადამზადება.
2020 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. აღნიშნული ცვლილებით მნიშვნელოვნად გამარტივდა პროგრამაში ჩართვის პროცედურა და პროგრამით სარგებლობა. ასევე, გაიზარდა კომპონენტის ბიუჯეტი, დაფინანსებადი მედიკამენტების ნუსხა და პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. აღნიშნული ცვლილება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მედიკამენტებზე გაზრდილი ხელმისაწვდომისთვის.
2021 წლის აპრილიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა კოხლეარული იმპლანტის დაფინანსების კომპონენტი და საჭირო ოპერაცია. მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები.
2019-2021 წლებში, ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, გაიზარდა მოსახლეობისთვის დაფინანსებადი მომსახურებების რაოდენობა, დაფინანსების მოცულობა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
2019 წელს დაიწყო სამედიცინო მომსახურებებზე ერთიანი ტარიფების დადგენა. ტარიფიკაციის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ, დაიწყო კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების-დეფიბრილატორების დაფინანსება. 2022 წლიდან, დეფიბრილატორების დაფინანსებისთვის არსებული ბიუჯეტი გაორმაგდება. გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს.
2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც გულისხმობს სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას. რეფორმა ითვალისწინებს ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდას და მინიმალური ხელფასის დაფიქსირებას, სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრებას, სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ა.შ. აღსანიშნავია რომ, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა. ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით. დამატებით 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს შემოუერთდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში. სამედიცინო სერვისების ხარისხის უკეთესი უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლიდან დაგეგმილია სტაციონარული დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირების დაწყება. სელექტიური კონტრაქტირების შედეგად სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ მაღალი სიმძლავრის, სათანადოდ აღჭურვილი, ძლიერი საკადრო რესურსით დაკომპლექტებული დაწესებულებები. შედეგად, მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მათივე გადასახადებით დაფინანსებული დაწესებულებებისგან მიიღონ გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებითაც: მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა. მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე.
2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. 2020-21 წლებში გაიცა პირველი GMP და GDP სერტიფიკატები. გარდა ამისა, სამინისტრომ 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების რეფორმა და გაძლიერდა გადაუდებელი დახმარების სისტემა.
2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ერთიან მართვაში გადავიდა თბილისის და რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახურები. შეიქმნა ცენტრალური სადისპეტჩერო. 112-ის პროგრამასთან ინტეგრაციის შედეგად გამოძახებები პირდაპირ აისახება ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში. გაუმჯობესდა გამოძახებებზე ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა, შემცირდა გამოძახებებზე მოლოდინის პერიოდი, გაუმჯობესდა პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაციის შესაძლებლობაც და გაძლიერდა ბრიგადების საქმიანობის მონიტორინგი. გაძლიერდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები. აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2020 წლის თებერვალში შეიქმნა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“, რომლის მართვის ქვეშ გაერთიანდა 26 კლინიკა. გარდა ამისა, დაიწყო უსაფრთხო სისხლისა და სისხლის ბანკების რეფორმა. რეფორმის ფარგლებში მოხდება სისტემის ცენტრალიზება და კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რის შედეგად სისხლის პროდუქტები გახდება მეტად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო. აღნიშნულ პერიოდში, რა თქმა უნდა უდიდესი გამოწვევა იყო COVID-19. ჩამოყალიბდა COVID-19-ის მართვის კომპლექსური სისტემა. სამინისტრომ პანდემიის დასაწყისიდანვე უზრუნველყო აღჭურვილობების, ტესტების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების შესყიდვა და სამედიცინო დაწესებულების, საკარანტინე სივრცეების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების, საჯარო უწყებებისა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის გადაცემა. განხორციელდა კლინიკების რეაბილიტაცია და აღჭურვა. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩაერთო კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში. კოვიდინფიცირებული პაციენტების ზრდის ფონზე, უმოკლეს ვადაში განხორციელდა კლინიკის შენობის რვა სართულის სრული რეაბილიტაცია. რუხის საავადმყოფომ აპრილის ბოლოს მიიღო პირველი კოვიდ-პაციენტები. აღნიშნულ დრომდე კლინიკას არ გააჩნდა ტექნიკური და სამედიცინო აღჭურვილობა, ასევე, არ იყო დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალით. დღეს COVID-19-ის მართვის მიზნით მობილიზებულია 121 სტაციონარული დაწესებულების 9 191 საწოლი.
COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის, ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ ბაზაზე შექმნა ორი ცენტრალური ონლაინ კლინიკა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ექიმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკის მიერ, პაციენტების ეფექტური მართვის შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 70% წარმატებით იმართა ბინაზე მკურნალობის ფარგლებში. ბინაზე, ჰოსპიტლებსა კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობის გარდა, 2021 წელს მოეწყო დამატებითი სივრცე დიღმის საველე ჰოსპიტლის სახით, რომელიც იძლევა მკურნალობის სრული სერვისის მიწოდების შესაძლებლობას, მათ შორის ჟანგბადის წყაროებით უზრუნველყოფის საშუალებას. პაციენტების მკურნალობის გარდა, სამინისტრო ზრუნავს სამედიცინო პერსონალის შრომით უფლებებზეც. დღეისათვის COVID-19-ის მკურნალობაში ჩართულია 15 000-მდე ექიმი, რომლებისთვისაც განისაზღვრა 50%-იანი დამატებითი ანაზღაურების მექანიზმი. პარალელურად, სახელმწიფომ სამედიცინო დაწესებულებებში გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც ექიმების მიერ დანამატის მიღებას, მათ შრომის პირობებსა და უფლებებს ეხება. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით შემოწმებულ იქნა საქართველოს მასშტაბით 110 კლინიკა. შრომის ინსპექციის მიერ ყველა აღნიშნულ შემთხვევაზე გაიცა რეკომენდაცია და კლინიკებს მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის. კოვიდის მართვის მიზნით დაიწყო სხვადასხვა მედიკამენტების ჩართვა მკურნალობის სქემებში: მათ შორის მონოკლონური ანტისხეულები; რემდესივირი; ტოცილიზუმაბი; ბარიციტინიბი; კასირვიმაბი; ბამლავინიმაბი/ეტესივიმაბი; კასირივიმაბი/იმდევიმაბი. ასევე სამინისტრომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები COVID-19-ის სამკურნალო იმ ახალი თაობის მედიკამენტების მოწოდებაზე, რომლებიც უახლესი კვლევების თანახმად ხასიათდებიან მაღალი ეფექტურობით და მნიშვნელოვნად ამცირებენ გართულებებისა და ლეტალობის რისკებს.
ვაქცინაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნით, განხორციელდა ამცრელი პუნქტების მოწყობა ქვეყნის მასშტაბით. დღეს ვაქცინაცია ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ ამცრელ პუნქტში. ვაქცინაციაზე მოსახლეობის აქტივობის გაზრდის მიზნით, დაინერგა წამახალისებელი ღონისძიებები.
2021 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ „კოვიდ პასპორტის“ სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის საწყის პერიოდში, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და გადაადგილების სრული შეზღუდვების მიუხედავად, შეუფერხებლად გაგრძელდა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სტანდარტული მომსახურების მიწოდება, მათ შორის აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, ჩანაცვლებითი თერაპიის, დიალიზისა და სხვა მომსახურებები. პანდემიის მიუხედავად, მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების პრევენციის მიზნით, სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საქართველოს სოციალური კოდექსის შემუშავება. სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლიდან პენსიის ოდენობა განისაზღვრა 200 ლარით და იზრდება ყოველწლიურად. 2021 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის პენსია განისაზღვრა 240 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისნ 275 ლარით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა გაზრდილი დანამატი, პენსიის 20% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ როგორც 2019, ასევე 2020 წლებში გაიზარდა სოციალური პაკეტის ოდენობა, რის შედეგადაც მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები სოციალური პაკეტის სახით 250 ლარს იღებენ. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი სოიალური პაკეტი-140 ლარი გახდა. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირები და შშმ ბავშვები იღებენ გაზრდილ დანამატს, სოციალური პაკეტის 20% ოდენობით. გაუმჯობესდა მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარება. 2021 წლის 1 ივლისიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და გახდა 100 ლარი. ასევე, გაიზარდა ფულადი სოციალური დახმარების პროგრამის მოცვა – დახმარებას 100 ათასი ქულის ნაცვლად 120 ათასი ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ. გაუმჯობესდა ბავშვზე ზრუნვის პროგრამა. 2019-2021 წლებში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელწმიფო პროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში იცხოვრონ იმავე ოჯახში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების 18 წლის მიღწევის შემდეგ ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას. პროგრამას დაემატა „სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ და „სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“.
„დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“ შემოღებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯებესება და ფუნქციონირების ამაღლებას, აგრეთვე, 100 ერთეული პედიატრიული სმენის აპარატი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას.
COVID-19 პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად შენარჩუნდა მოსახლეობის სოციალური მდგრადობა. გამოწვევებთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების, ასევე მოსახლეობის სოციალური რისკების პრევენციის მიზნით მოხდა შეჩერებული საარსებო შემწეობების განახლება და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის ფულადი დახმარების უწყვეტად გაგრძელება. მოსახლეობის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, განხორციელდა ფულადი გასაცემლების გაცემა დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დროებით შეწყვიტეს საქმიანობა.
2020 წელს, შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი-მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 1 იანვრიდან შექიმნა შრომის ინსპექციის სამსახური. სამსახურისათვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები. 2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა. შრომის ინსპექციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა COVID-19 რეგულაციების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში. სამსახურის უშუალო ჩართულობით შემუშავდა 1 ზოგადი და 41 სექტორული რეკომენდაცია. სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითები. მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჯამში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

2022 წლისთვის სამინისტროს პრიორიტეტია :
ერთიანი სატარიფო პოლიტიკის გაგრძელება და სხვადასხვა ნოზოლოგიებზე ერთიანი ფასების დადგენა;
სამედიცინო მომსახურებებების სტანდარტიზაციის ეტაპობრივი დანერგვა;
3 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჰოსპიტლების სელექტიური კონტრაქტირების დაწყება;
სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვისთვის მზადება;
GMP/GDP სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნა ფარმაცევტული კომპანიებისთვის;
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსების გაზრდა და ახალი სერვისების ამოქმედება;
2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების 20 მილიონი ლარით გაზრდა;
საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლისთვის ღვიძლისა და ზურგის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ;
სახელმწიფოს მიერ კარდიო-დეფიბრილატორების შესყიდვის თანხას გაორმაგება;
დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსება;
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების ზრდა 6,000,000 ლარით;
პროგრამის ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ ბიუჯეტის გაიზრდა 12,859,000 ლარით,
„იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამაში სპინალური ამიოტროფიის სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის დამატება;
კოხლეარულ იმპლანტებზე არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება;
შშმ პირთა სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის დანერგვა;
წამლის ხარისხის კონტროლის მიზნით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტოს ლაბორატორიის ამოქმედება;
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეგიონებისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასის გათანაბრება. რეგიონის პერსონალის ხელფასის ზრდა ჯამში 160 %-ს მიაღწევს;
სამედიცინო მოტოციკლების შემოყვანა, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას, სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების მიწოდების მიზნით;
სასწრაფოს ახალი ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის აშენება და მოწყობა, სადაც განთავსდება ერთიანი რეაგირებისა და მართვის ცენტრი;
ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მოლაპარაკების დასრულება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე, შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და ამავე კლინიკის ეზოში, ახალი, 10 სართულიანი, თანამდროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება;
მაღალმთიან რეგიონებში არსებული სამედიცინო ცენტრების ეტაპობრივი რეაბილიტაცია;
„ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ შენობის რემოტი და აღჭურვა;
შპს „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მომზადება, მრავალპროფილური სამედიცინო საქმიანობის დასაწყებად;
ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხო სისხლის პროექტის განხორციელება, თანამედროვე სტანდარტის, ცენტრალიზებული სისხლის ბანკის შექმნის გზით;
სამედიცინო ჰოლდინგის აკადემიის შექმნა, რომლის ბაზაზე განხორციელდება სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესის უზრუნველყოფა, ასევე, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ორგანიზება;
ჰოლდინგის მართვის ქვეშ, საექთნო კოლეჯის დაარსება და მართვა, ქვეყანაში არსებული საექთნო დეფიციტის დაძლევისთვის;
ელ. რეცეპტების სისტემის განვითარება;
2022 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 260 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 300 ლარი. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე პირთათვის 312 ლარი. ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 360 ლარი.
2022 წლის 1 იანვრიდან შშმ პირების და შშმ ბავშვების სახელმწიფო გასაცემელი იზრდება და მისი ოდენობა გახდება 275 ლარი.
2022 წლის იანვრიდან, ომისა და საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებდნენ ყოველთვიურ დახმარებას (სოციალური პაკეტი/საყოფაცხოვრებო სუბსიდია) 22 ან 44 ლარის ოდენობით, მიიღებენ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული შეეხება დაახლოებით 39 ათასამდე პირს.
2022 წელს დაგეგმილია „ჩვილ ბავშვთა სახლის“ დახურვაც და ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში გადაყვანა (7 ბავშვი უკვე გადაყვანილია).
დასაქმების აქტიური პოლიტიკის გაძლიერება და სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების გაუმჯობესებული ხელშეწყობა;
შემუშავებულია დევნილთა განსახლების გეგმა, რომლის თანახმადაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება. ამასთან, დამატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლად სახლს 5 000 ოჯახს შევუსყიდით.
2024 წლის ბოლოს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს.

Visited 41 times, 1 visit(s) today