ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს ვერ შეუშლის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გადახედვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით, ამ ცვლილებებში განსაკუთრებული სიახლე არაფერია.

”წინასწარ მსჯელობა ალბათ ამაზე არ ღირს. გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი და ევროკავშირის საბჭო შესაბამისად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია ძირითად რეგულაციაში უკვე არსებული მუხლის, რომელიც შეჩერებას ეხება ცვლილებაზე, რომ გახდეს უფრო მოქნილი. აქ სიახლე არის მხოლოდ მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხება მხოლოდ საქართველოს ან ახლანდელ ოთხ ქვეყანას, რომელიც განიხილება ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ეს არის საერთო ცვლილება, რომელიც საერთოდ ევროკავშირის პოლიტიკას ეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებული სიახლე არაფერია. ევროკავშირი თავის რეგულაციებს ცვლის მუდმივად და ეს მუდმივი პროცესია. ამაში მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებული არაფერი არ არის და ხელს არ შეუშლის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს”, – განაცხადა ჯანელიძემ.
დღეს ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე, რომელიც ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

„ევროპაში არსებული მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა, კომისიამ 2016 წლის 4 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, გამოვიდეს რეგულაცია 539/2001-ში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რათა მოხდეს შეჩერების მექანიზმის გადახედვა“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ამ წინადადების ძირითადი მიზანი მოხდეს შეჩერების მექანიზმის გაძლიერება, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის უფრო მარტივი გახდეს ევროპული კომისიისთვის იმ გარემოებების გაცნობა, რომლის გამოც შესაძლოა ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესახებ რეგულიაცია 2013 წლის დეკემბერში მიიღეს.

ამ მექანიზმის თანახმად, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში ექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და იწვევს საგანგებო სიტუაციას, რომელსაც ქვეყანა თავად ვერ უმკლავდება, მაგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროებით შეაჩეროს.
ასეთ გარემოებებად სახელდება არალეგალი მიგრანტების ნაკადის მკვეთრი ზრდა, თავშესაფრის მიღების დაუსაბუთებელი მოთხოვნები და სხვა ანალოგიური შემთხვევები.

თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

Visited 129 times, 1 visit(s) today