ვიზიტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გახსნილ საწარმოებში

31/10/2016

პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტური ჩატარდა, რომლის დროსაც სტუმრებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერეს და საწარმოო პროცესებს გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები იმყოფებოდნენ შპს „ისეკოში“, შპს „დენოლაში“, შპს „შარავანდში“, შპს „LG Glass-ში”, შპს „ჯორჯიან პროდაქტში“ და შპს „ჯეოკეპში“. ვიზიტორებს მეგზურობა საწარმოების დამფუძნებლებმა გაუწიეს. საინფორმაციო ტურში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ანა კვარაცხელია. „აღნიშნული ტურის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ჩვენს მეგობრებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში. რა გამოცდილება გაგვიგროვდა და როგორ წარმატებებს მიაღწიეთ,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი შეფასებით, „აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროგრამაა. „იმ ორი წლის განმავლობაში, რაც პროგრამა ფუნქციონირებს, 200-ზე მეტი საწარმოა შექმნილი. სამუშაო დღეებზე რომ გადავიყვანოთ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველ სამ დღეში იქმნებოდა ან ფართოვდებოდა თითო საწარმო. დღეს პროგრამამ 400 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის პოტენციალი შექმნა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. აღსანიშნავია, რომ შპს „ისეკო“ ფოლადის მილებს აწარმოებს, რომლებიც, როგორც გაზისა და წყლის გაყვანილობებსა, ასევე სამშენებლო კონსტრუქციებში გამოიყენება. კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააქვს სომხეთში, თუმცა ახლო მომავალში პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტსაც გეგმავს. რაც შეეხება შპს „დენოლას“ კომპანია პარალონსა და აქაფებულ პოლიურეტანის წარმოებაზეა კონცენტრირებული და ავეჯის კომპანია „ემბავუდს“ ამარაგებს, რომელსაც მზა პროდუქცია გააქვს აზერბაიჯანში. შპს „შარავანდის“ საქმიანობა ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებას მოიცავს; კომპანია უკვე 15 წელზე მეტია არის ქართულ ბაზარზე, და სახელმწიფოს დახმარებით მოახდინა საწარმოს გადაიარაღება. შპს „LG Glass” საქმიანობის ძირითად მიმართულებას მინაპაკეტის წარმოება, მინის თერმული დამუშავება, კერამიკული დაფარვა, მოხატვ, ასევე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების, ფანჯრების, და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი წარმოადგენს. შპს „ჯორჯიან პროდაქტსი“ ცხოველების ავეჯის წარმოებას ახორციელებს და ახდენს წარმოებული პროუქციის 100%-ის ექსპორტს ევროკავშირის ბაზრებზე. კომპანიამ შექმნა 360 ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. შპს „ჯეოკეპი“ კი კავკასიის რეგიონში პირველი, პლასტმასის საცობების, პრეფორმებისა და პლასტმასის ბოთლების მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0