საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება. სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე – ეს იყო კოვიდი, ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს, მსოფლიოში, სამწუხაროდ, ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საქართველოში.
„პირველი ტალღის დროს, ჩვენ სწორედ შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოკდაუნი” გამოვაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, ჩვენ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და იყო პირბადეების დეფიციტი. მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა, მსოფლიოსთან ერთად, ამ ვირუსთან დაკავშირებით, არ გვქონდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ, ეს მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი” იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტით ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, მსგავს „ლოკდაუნს” უკვე აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა ხვალ და ზეგ არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იცვლება მთავრობის სტრატეგიაც.
„ეს სტრატეგია გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორად შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ – ელემენტარულად, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია – ეს ის წესებია, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველამ მიიღო. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდეს, ინფიცირების შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება, თუმცა ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გვაქვს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო 6-7 თვის წინ, თუმცა არც ერთი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს რესურსები, ამოუწურავი არ არის.
„პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ხაზი გაუსვა კონსოლიდაციისა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ცალკე ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს.
„რაც შეეხება ბალანსს – ამ ბალანსში ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევა და გლობალური პანდემიაა. ქვეყნის შიგნით რომ გადმოვიდეთ, ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი თანაცხოვრება იყოს ნორმალური, ისეთი, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას,”- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, კონსტიტუციური ვადებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება.
„ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით – მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა ბევრად უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე სრული წესების დაცვით მისვლა. ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს და მეორე – რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად ვთხოვთ პოლიტიკოსებს, არის ის, რომ წესები დავიცვათ – ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები,” – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პროცესში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზები ყველგან არსებობს და მთავრობა ამას კარგად ხედავს, თუმცა მთავარია, ხარვეზები სისტემური არ იყოს და სწრაფად გამოსწორდეს.
„როდესაც პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია და ტრანსფარენტული ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. თითოეულ ნაბიჯს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვუხსნიდით, ასე ვაგრძელებდით. ალბათ, რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს. ხარვეზები ყველგან არსებობს და ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის, თუნდაც მტკივნეული საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.