ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

22/12/2019

ქუთაისში, სინაგოგაში მენორაზე სანთლები დაანთეს. ხანუქა სინათლის და გამარჯვების დღესასწაულია და მისი აღნიშვნა ტრადიციულად რვა დღე გრძელდება. სანთლის დანთების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზვიად შალაბმერიძემ. მან ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ერებს შორის მეგობრობაზე ისაუბრა.

“გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს – სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეს! “ბიბლიის” და “ვეფხისტყაოსნის” შემქმნელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ფენომენია, რომელიც გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა სცენ თაყვანი სიკეთეს არა მარტო ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ ხალხებმა და ერებმა! იმერეთი, განსაკუთრებით კი ქუთაისი, სადაც ადრე მოსახლეობის 40% ებრაელი იყო, მუდამ გამოირჩეოდა ებრაელ ხალხთან ურთიერთობის ძალიან მაღალი ხარისხით, აქ იყო უბანი, ცნობილი “ებრაელთა უბნის” სახელით, აქ დაიბადა ბორის გაპონოვი, რომელმაც თარგმნა ივრითზე “ვეფხისტყაოსანი”, ქუთაისელი იყო საბა კლდიაშვილი, რომელმაც ოდესაში თავი გასწირა ებრაელთა გადასარჩენად და შავრაზმელთა ტყვიებს აეფარა, სწორედ ქუთაისელმა მაყურებელმა დატოვა რუსული დასის სპექტაკლი მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომელიც ებრაელი ხალხის დისკრედიტაციას ეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმართველობის ისტორიაში პირველი ხმის უფლებით ქუთაისის საკრებულოში გვყავდა ებრაელი ხმოსნები. გასახსენებელი ბევრი გვაქვს, ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და კიდევ ბევრ საუკუნეს გაუძლებს. ჩვენი ურთიერთობები კიდევ მეტად განმტკიცდება, ღირსეულად გავაგრძელებთ 26-საუკუნოვან მეგობრობას და კიდევ ბევრჯერ აღვნიშნავთ ხანუქას დღესასაწაულს – სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ერთად! გილოცავთ!”, – განაცხადა შალამბერიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0