ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

28/08/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ხულოს მუნიციპალიტეტიდან ანზორ ბოლქვაძე. მიუდგომელი კლდის თხემზე აგებული ხიხანის ციხე მე-11-13 საუკუნეებით თარიღდება და მდიდარია ისტორიული წარსულითა და მნიშვნელობით. ციხე მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა: სოფ. თხილვანასა და ბაკოზე გადიოდა საქარავნო გზა ახალციხისკენ, მეორე გზა შავშეთისკენ გა-დიოდა სოფ. კალოთასა და ჩიხურაზე გავლით, ხოლო სოფ. ხიხაძირის გავლით გზა ახალციხე-არტაანიდან ბათუმისკენ მიემართებოდა. 2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება ხიხანის ციხის რეაბილიტაცია. სამუშაოების წარმოება ციხის გეოგრაფიული მდებარებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ზაფხულის თვეებში არის შესაძლებელი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ხიხანის ციხის სასახლეს და ციხის ორ კოშკს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად დაწყებულია ხიხანის ციხის არქეოლოგიური შესწავლა. არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო 2013 წელს და დასრულდება მიმდინარე 2017 წელს. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი ხიხანის ციხის არქეოლოგიური გათხრების შესახებ. 2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად ხიხანის ციხეს ფლობდა აბუსერისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულო, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო XIII საუკუნის ცნობილი მწერალი ტბელი აბუსერისძე. 350 მეტრის სიგრძის ციხეს იცავდა ოთხი სწორკუთხა კოშკი და მძლავრი გალავანი. XIII საუკუნის შემდეგ, აბუსერისძეთა საგვარეულოს დასუსტებასთან ერთად, ხიხანის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. თუმცა, ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც ფუნქციონირებდა. 1815 წელს ხიხანის ციხეში გამაგრდა ოსმალთაგან განდგომილი სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილი. ოსმალებმა ციხე ბრძოლით ვერ აიღეს, თუმცა სელიმ ხიმშიაშვილი ღალატით ჩაიგდეს ხელში და თავი მოკვეთეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0