თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება წარმოადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება მხარეებს შორის თანამშრომლობას უსაფრთხოების და თავდაცვის შემდეგ მიმართულებებზე ითვალისწინებს: დელეგაციების საინფორმაციო და სამუშაო ვიზიტები, სამხედრო ინსტიტუტებს შორის კომუნიკაცია, სასწავლო კურსების და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება, სამხედრო სწავლების საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა და კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანამშრომლობის ანალოგიური შეთანხმებები საქართველოს უკვე ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნის სამინისტროებთან აქვს გაფორმებული. კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიესალმა წარმოდგენილ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს და ეს შეთანხმება არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაზრდის და გააძლიერებს.
სხდომაზე ნუკრი გელაშვილმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების საკითხი წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკოორდინაციო კომიტეტთან საქართველო 2015 წლიდან თანამშრომლობს, მაგრამ რადგან აღნიშნული შეთანხმება 2017 წელს განახლდა, საჭირო გახდა ხელახალი მიერთება, შესაბამისად წარმოდგენილი საკითხი ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნანა ბერიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ოქმი და ასევე საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის მინისტრთა საბჭოს, იტალიის რესპუბლიკის მთავრობას და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ, სამი შეთანხმების პროექტი წარადგინა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სხდომაზე განხილულ საკითხებს და მხარი დაუჭირეს მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.