თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

25/05/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. საუბარი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხო.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ოცდახუთწლიანი სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამერიკა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე თავდაცვის სფეროში ამბიციური პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს. მან ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის აშენების საკითხებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების რეალიზების კუთხით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ნატოში გაწევრიანების გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებსა და მხარდაჭერის გაძლიერებას შეეხო.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0