თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯეს შეხვდა

25/05/2016

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირების ორმხრივი შეხვედრები გრძელდება. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დღეს აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან გამართეს შეხვედრა. ქართულმა მხარემ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, მომავალ გეგმებზე, მომავალი გეგმები არის საკმაოდ ამბიციური, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ რასაც ამბობს გენერალი ჰოჯესი, იმას ასრულებს. დავგეგმეთ შარშან, გავაკეთეთ წელს, დავგეგმავთ წელს, გავაკეთებთ მომავალ წელს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ შეიძლება ამ სწავლებას მიეცეს რეგიონული დატვირთვა და უფრო მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ყურადღება ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ასევე, ერთობლივი სწავლების მნიშვნელობას. გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის თქმით, მსგავსი სწავლება ხელს უწყობს მონაწილეებს შორის ნდობის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0