თავდაცვის მინისტრი საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

22/02/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩი შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე. შეხვედრის დროს ასევე, განიხილეს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და სამხედრო პოლიციის მიმართულების განვითარების საკითხი. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პოლონეთის ახალ ელჩთან საართველოში. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები მომავალში. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პოლონეთი არის ძალიან აქტიური ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების თვალსაზრისით და განსაკუთრებით ორი მიმართულებით. ეს არის სამხედრო პოლიციის განვითარება და სპეციალური ოპერაციული ძალების რეფორმირება. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ“.
საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში პოლონეთის მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, პოლონეთმა სურვილი გამოთქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობა გააგრძელოს და ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეულ პარტნიორი“ მიიღოს მონაწილეობა: „პოლონეთი ყოველთვის არის იმ საერთო წვრთნების ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ვატარებთ. მათ სურვილი გამოთქვეს ეს თანამშრომლობა გააგრძელონ, განსაკუთრებით სწავლება “ღირსეული პარტნიორის” ფარგლებში. ზაფხულში ჩვენ გვესტუმრებიან ასევე, პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საერთო წვრთნების განხორციელებისთვის“.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კი, შეხვედრის შეჯამების დროს ყურადღება გაამახვილა პოლონეთსა და საქართველოს თანამშრომლობაზე, ნატოში ინტეგრაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში და რეგიონული უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების საკითხში, საქართველო პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი გვყავს. აღნიშნულ შეთანხმებას პოლონეთი დასაწყისიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, გახდეს ალიანსის წევრი მას შემდეგ, რაც პოლონეთი თვითონ გახდა ნატოს წევრი 1999 წელს. ვიმედოვნებთ, საქართველო მალე გაწევრიანდება ალიანსში, თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს უფრო დააჩქარებს,“ – განაცხადა მარიუშ მაშკევიჩი.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მარიუშ გრჟიბოვსკი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0