თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის თავდაცვის უწყების დელეგაციას უმასპინძლა

11/04/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში 2002 წლის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კომისიის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორი, ადმირალი იუფე გუან ხელმძღვანელობს.
თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ქართულმა მხარემ ჩინეთის სამხედრო განათლების სისტემის გაცნობის, სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის, ასევე სამხედრო-ტექნიკური სფეროს გაცნობის სურვილი გამოთქვა. ლევან იზორიამ სტუმრებს ჩინელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) კონფერენციაში მონაწილეობაც შესთავაზა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა აღნიშნა და დელეგაციის წევრებს ამ კუთხით უწყებაში გატარებული რეფორმები გააცნო.
ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე, 2016 წელს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართველი სამხედროებისათვის შეთავაზებული სასწავლო კურსების გამო, მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. ჩინეთის მხრიდან შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, უფროსი პოლკოვნიკი ჰუ დეჯუნი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0