თავდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმზე წარსდგა

04/04/2017

თავდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმზე წარსდგა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასაქმების ფორუმში დილიდან ჩაერთო. ფორუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა გააცნეს და ღია კონკურსების, მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიების, ასევე სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკა და სტაჟირება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, სსტც „დელტამ“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ შესთავაზა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. უწყებაში პრაქტიკის გავლის სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმებში აქტიურად მონაწილეობს. ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ, საკუთარი თავი წარუდგინონ, პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღონ. წელს გამართულ დასაქმების ფორუმზე თავდაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად 70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0