თამარ ტალიაშვილმა „ახალგაზრდა დიზაინერთა ხელშეწყობის პროგრამის“ პარტნიორებთან შეხვედრა გამართა

31/05/2016

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის საკრებულოში „ახალგაზრდა დიზაინერთა ხელშეწყობის პროგრამის“ პარტნიორებს თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
დეპუტატის მოწვევით შეხვედრაში მონაწილეობა დამწყებ დიზაინერებთან უშუალო კონტაქტის მქონე სახელმწიფო უწყებების, კომპანიების და სასწავლებლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის „ახალგაზრდა დიზაინერთა ხელშეწყობის პროგრამის“ მიზნები და ამოცანები გააცნო და ამასთან, 2015 წელს ტრადიციული რეწვის ოსტატების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ მხარეებს თბილისის მერიის მიერ შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა და დამწყებ დიზაინერთა პოტენციალის გაზრდისა და ხელშეწყობის მიზნით სპეციალური დოკუმენტი მომზადდება. მის საბოლოო ვარიანტს კი მხარეები მომდევნო კვირაში განმეორებით შეხვედრაზე განიხილავენ.
შეხვედრაში თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსთან კახაბერ გვანცელაძესთან და კულტურული ღონისძიებების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ჯაბა სიხარულიძესთან ერთად, მონაწილეობა სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მოდის დიზაინის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მგალობლიშვილმა, ორგანიზაციის „შემოქმედებითი საქართველო“ თავმჯდომარემ ზვიად მჭედლიშვილმა, კრეატიული მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა სოფო ბენდიაშვილმა, ასევე Be Next-ის (კონკურის ახალგაზრდა დიზაინერებისთვის) დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ, თბილისის მოდის კვირეულის თანადამფუძნებელებმა თაკო ჩხეიძემ, მაკა ყუბუსიძემ და ფოტოგრაფმა ჯიჯი რეჯინმა მიიღეს.
პროექტი „კულტურული მეწარმეობა 2015“ გასულ წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანი კრეატიული ინდუსტრიების და კულტურის დარგში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო კომპლექსურ ღონისძიებები – გამოფენები, მასტერკლასები, კონფერენციები, გამოცა ბიზნეს -კატალოგი – „როგორ ვაქციოთ ტრადიციული რეწვა ბიზნესად“ და ორენოვანი კატალოგი „თბილისური საჩუქარი“.
ფესტივალის დასკვნითი გამოფენა-გაყიდვა „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში ქარვასლაში გაიმართა.
მიმდინარე წელს თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დამწყები დიზაინერების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0