თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩასატარებლად ყველა ლოკაცია მზად არის

27/11/2017

28-29 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია – ლოკაციები დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
აბრეშუმის გზის ფორუმს 28 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის, რის შემდეგაც დაგეგმილია ფორუმში მონაწილე დელეგატების სიტყვით გამოსვლები და პანელი „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის.“ დღის მეორე ნახევარში ფორუმის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდება სასტუმრო „ბილტმორში,“ სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელში საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი რამდენიმე ქვეყნის მინისტრთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ამავე დღეს გაიმართება სადისკუსიო პანელები სახელწოდებით „სავაჭრო ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში,“ „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე,“ „ციფრული კავშირი“ და „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით,“ რომლებიც ცალკე, თემატურ სესიებად იქნება წარმოდგენილი.

აბრეშუმის გზის ფორუმი, 29 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრის მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ რამდენიმე სესია გაიმართება პანელის „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფარგლებში. „ბილტმორის“ ამფითეატრში პანელის „რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისთვის“ დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც მეორედ ტარდება საქართველოში, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იმისთვის, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და ავწიოთ საქართველოს როლი აბრეშუმის გზის დერეფანში. ფორუმი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდას და საქართველოს უფრო აქტიურ ჩართულობას იმ გლობალურ ინიციატივაში, რასაც აბრეშუმის გზა ითვალისწინებს“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, საქართველო იყო პირველი, რომელიც აბრეშუმის გზის იდეას გამოეხმაურა. „პრაქტიკულად, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც დაარსა რეგიონში პლატფორმა ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის. წელს ველოდებით მსოფლიოს სამოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, მათ შორის არიან უმაღლესი სამთავრობო სექტორის, ასევე ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, ორი დღის განმავლობაში გვეყოლება ორი ათასზე მეტი დელეგატი და დარწმუნებულები ვართ, ფორუმი იქნება ძალიან წარმატებული და კონკრეტული შედეგების მომტანი“ – აღნიშნა არველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0