თბილისის მერიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით დეველოპერებთან შეხვედრა გაიმართა

18/06/2020

დედაქალაქის მერის ინიციატივით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის აუქციონის წესით გასხვისების პირობების გასაცნობად მსხვილი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად დაესწრო. მათ ონლაინ შეხვედრის მონაწილე 30-მდე დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებს აუქციონის განხორციელების წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია მზადაა, აუქციონის თემაზე ტელევიზიასთან მაქსიმალურად ითანამშრომლოს. მისივე თქმით, აუქციონის შემდეგ მუნიციპალიტეტი ტერიტორიის სწორი გეგმარებით განაშენიანებას უზრუნველყოფს.

„თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დედაქალაქის მერი და საზმაუს გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ესწრებოდნენ, დეველოპერებს გავაცანით ძირითადი პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელ საკუთრებაში არსებული შენობის და მიწის ნაკვეთების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტელევიზიისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა ამ პროცესში, რადგან ეს არის ქალაქის ცენტრი და აქ ნებისმიერი ტიპის განაშენიანება, რომელიც დაიგეგმება, უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან და, საბოლოო ჯამში, მოწონებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ. შესაბამისად, ის პროცესი, რომელიც ახლა დამოუკიდებლად მიჰყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ პროცესში ჩართულია მესამე მხარე ანუ დეველოპერული სექტორი. მათ ითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიაწვდის. იმედი მაქვს, რომ პროცესი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში წარიმართება და ხელსაყრელი წინადადებები იქნება წარმოდგენილი, როგორც ტელევიზიისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენი ნაწილი რაც არის, სწორი გეგმარებით მოხდეს ამ ტერიტორიის განაშენიანება და განვითარება, ამის უზრუნველყოფას უკვე მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად მოახდენს“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 68-ში მდებარე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად აუქციონი მიმდინარე წლის 16 ივნისს გამოცხადდა. აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის მსურველებს განაცხადის შესატანად 30-დღიანი ვადა აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0